როგორ შევამოწმოთ ტემპერატურა ღუმელში
გემრიელი რეცეპტები
 

გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ზუსტად მიჰყევით რეცეპტს, გამოაცხვეთ მოცემულ ტემპერატურაზე, მითითებული დროის განმავლობაში, მაგრამ ბოლომდე არ გამოცხვა დესერტი ან დაგეწვათ?

არა-სასურველი შედეგის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს - მაგალითად, ხშირად მოცულობით ზომავენ ფქვილს, ამან შესაძლოა საკმაოდ დიდი ცდომილება მოგცეთ, ან სუფრის კოვზებით ზომავენ შაქარს, რამაც ასევე შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ, რადგან სუფრის კოვზების ზომაც განსხვავდება და ამავე დროს, ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს "სავსე" სუფრის კოვზს. მსგავსი შეცდომების გამოსარიცხად, გირჩევთ გამოიყენოთ რეცეპტები, სადაც ინგრედიენტები მოცემულია წონით ან თხევადი ინგრედიენტების შემთხვევაში, მოცულობით. ხოლო ინგრედიენტების ასაწონად კი გამოიყენეთ სამზარეულოს ციფრული სასწორი, რომელიც არც თუ ისე ძვირი ღირს (ფასები იწყება 10 ლარიდან და შესაძლოა 100 ლარსაც მიუახლოვდეს). პერიოდულად, მხოლოდ ელემენტის გამოცვლა დაგჭირდებათ.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც სწორი შედეგის მისაღებად არის საჭირო, სწორი ტემპერატურის შერჩევაა. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველა ღუმელი არ ხურდება იმ ტემპერატურამდე, რაც თქვენ გსურთ. შესაძლოა მიუთითოთ, რომ გსურთ ღუმელის გახურება 180 C-მდე, მაგრამ რეალურად, ღუმელში ტემპერატურა ნაკლები, მხოლოდ 170C ან პირიქით, მეტი- 190C იქნება. ამიტომ, გირჩევთ ჩაატაროთ პატარა ცდა და შეამოწმოთ, რამდენად გამართულად მუშაობს თქვენი ღუმელი. თუ ცეცხლგამძლე თერმომეტრი გაქვთ, მაშინ ამის შემოწმება ადვილია, თუმცა თერმომეტრი საჭირო არ არის. ამ ცდისთვის დაგჭირდებათ 1/2 სუფრის კოვზი შაქარი. თუ ტესტის გადამოწმებას მოისურვებთ, მაშინ მთლიანად, 1 სუფრის კოვზი შაქარი დაგჭირდებათ (ამ ცდისთვის ზუსტ წონას მნიშვნელობა არ აქვს :) ) 


ეს მეთოდი პირველად გამოაქვეყნა ჯეფ პოტერსმა თავის წიგნში: "Cooking for Geeks."  მისი მეთოდი საკმაოდ მარტივი და ეფექტური აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის.

შაქარი დნება 186C-ზე, ამიტომ სწორედ შაქრით შეგვიძლია შევამოწმოთ რამდენად ზუსტია ტემპერატურა თქვენს ღუმელში. თავდაპირველად, ღუმელი გაახურეთ 175C-მდე. ფოლგის პატარა ნაჭერზე დაყარეთ შაქარი, დააწექით კოვზის ზურგით, რომ თანაბრად გადანაწილდეს ზედაპირზე. გააჩერეთ ღუმელში 15 წუთით. თუ შაქარი არ გადნება, მაშინ აუწიეთ ტემპერატურას 180-მდე და გააჩერეთ ღუმელში მომდევნო 5-7 წუთის განმავლობაში; თუ ისევ არ გადნა (და ეს კარგის ნიშანია), მაშინ მოუმატეთ ტემპერატურას 185-მდე და გააჩერეთ ღუმელში ისევ 5-7 წუთის განმავლობაში. შესაძლოა ამ დროს უკვე დაიბრაწოს შაქრის გარკვეული ნაწილები, თუმცა ეს დნობას არ ნიშნავს. მოუმატეთ ტემპერატურას 190-მდე და გააჩერეთ 5-7 წუთი. ამ დროისთვის თუ კიდევ არ გადნა, გაზარდეთ ტემპერატურა ისევ 5 გრადუსით. 













რა ტემპერატურაზეც შაქარი დადნება, იმ ტემპერატურას დავარქვათ T(დნობის),  მაგალითად, თუ შაქარი გადნა მას შემდეგ რაც დააყენეთ 200C-ზე, დნობის ტემპერატურა T(დნობის) = 200C-ს. თუ გსურთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ დნობის ტემპერატურა და თავიდან მოათავსეთ ახალი 1/2 ს.კ. შაქარი ღუმელში, რომელიც გახურებულია თქვენი ღუმელის "დნობის ტემპერატურამდე." გააჩერეთ ღუმელში 10-12 წუთი, თუ შაქარმა დნობა დაიწყო, ე.ი. სწორად მონიშნეთ დნობის ტემპერატურა.


დაიმახსოვრეთ თქვენი ღუმელის დნობის ტემპერატურა. მომავალში, როდესაც ღუმელს გაახურებთ თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე (მაგ. 180C-მდე), ამ ტემპერატურას დავარქვათ T(ეკრანი). არის ღუმელები, რომელთაც არ აქვთ ეკრანი და ტემპერატურა მითითებულია რეგულატორზე, შესაბამისად, რა ნიშნულზეც გადაატრიალებთ რეგულატორს, ის ტემპერატურა იქნება "ეკრანის" ტემპერატურა.


ეხლა კი მოინიშნეთ ფორმულა:

(თუ ექსპერიმენტის დროს, შაქარი დადნა 185 და 190 გრადუსს შორის, მაშინ ამ ფორმულის გამოყენება არ დაგჭირდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ღუმელი კარგად მუშაობს)


T(რეალური) = T(ეკრანი) + 186 - T(დნობის) 


ჩვენს შემთხვევაში T(ეკრანი) = 180; T(დნობის) = 200C;


ხოლო ჩვენს ღუმელში, როდესაც ტემპერატურას ვაყენებთ 180 გრადუსზე, რეალურად ტემპერატურა არის:


T(რეალური) = 180 + 186 - 200 = 166, 


ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემულ მაგალითში, ღუმელი არ ხურდება 180-მდე, მიუხედავად იმისა, რომ რეგულატორით 180 მივუთითეთ. შესაბამისად, თუ რეცეპტით გათვალისწინებულია 180 გრადუსზე გამოცხობა 20 წუთის განმავლობაში, ჩვენ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან რეალურად გამოვაცხობთ 166 გრადუსზე. ამიტომ, საჭიროა, რომ ჩვენს ღუმელზე, რეგულატორით მივუთითოთ უფრო მაღალი ტემპერატურა  - ჩვენ შემთხვევაში უნდა მივუთითოთ 194 გრადუსი. ამ მაგალითის მიხედვით, ყოველთვის 14 გრადუსით მეტი უნდა დავაყენოთ რეგულატორით, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა. ამ ფორმულის გამოყენება მხოლოდ ერთხელ დაგჭირდებათ, რომ განსაზღვროთ, მომავალში, ტემპერატურას უნდა მოუმატოთ თუ  პირიქით, ნაკლები მიუთითოთ.


თუ T(რეალური) < T(ეკრანი), მაშინ თქვენს ღუმელზე ტემპერატურა უნდა დააყენოთ ყოველთვის (T(ეკრანი) - T(რეალური)) ტემპერატურით მეტი.



თუ T(რეალური) > T(ეკრანი), მაშინ თქვენს ღუმელზე ტემპერატურა უნდა დააყენოთ ყოველთვის (T(ეკრანი) - T(რეალური)) ტემპერატურით ნაკლები. 



გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

როგორ შევამოწმოთ ტემპერატურა ღუმელში?