პაპაიას პური - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

პაპაია ტროპიკული მცენარეა და გემოთი წააგავს საზამთროს, ნესვის და თუთის ნარევს (იხ. მარცხნივ გაჭრილი პაპაია). გათალეთ პაპაია, ამოაცალეთ კურკები და დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად. მთლიანი პაპაია არ დაგჭირდებათ, დანარჩენი შეგიძლიათ დესერტად მიირთვათ, ან მოამზადოთ პაპაიას სალსა. ასევე, გემრიელია სალათებშიც.

პატარა ჯამში ჩაყარეთ ცუკატები და დაასხით რომი - გააჩერეთ ნახევარი საათი.

ჩართეთ ღუმელი და გააცხელეთ 180 C-მდე.

მოხალეთ ნიგოზი და გააგრილეთ.

ჯამში აურიეთ კვერცხი, შაქარი, ზეთი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ. დაამატეთ რძე, სოდა (1 ჩ.კ. sოდას ზემოდან დააწვეთეთ თეთრი ღვინის ძმარი იმ რაოდენობით, რომ სოდა მთლიანად აფუშფუშდეს), მარილი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ფქვილი - დაახლოებით 18 თავმობმული სუფრის კოვზი - ცომი ოდნავ თხევადი უნდა გამოვიდეს, თუმცა ძალიან თხელიც არა.

დაჭერით გაგრილებული ნიგოზი და დაამატეთ ცომს. ცუკატები კოვზით ამოიღეთ რომიდან და ისე დაამატეთ ცომს, ბოლოს შეურიეთ დაჭრილი პაპაიაც.

საცხობ ფორმას შიგნიდან წაუსვით კარაქი. ჩაასხით ცომი დაახლ. 30x10 სმ  და 7 სმ. სიღრმის ზომის ჭურჭელში, შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში.

როდესაც ქერქი ოქროსფერი გახდება, პური მზად არის. გადმოიღეთ, გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

დაჭერით და მიართვით სუფრაზე.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli