მინი პიცა საუზმედ - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 205 C-მდე

პატარა ყავის ჭიქაში ჩაყარეთ საფუარი და შაქარი და კარგად აურიეთ. დაასხით 1/2 ყავის ჭიქა თბილი წყალი (წყალი არ უნდა იყოს არც ცხელი და არც გრილი). კარგად მოურიეთ, დააფარეთ ჭიქას ლამბაქი და გააჩერეთ 2-3 წუთით.

პატარა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი. შუაგულში გააკეთეთ ღრმული და ჩაასხით აფუებული საფუარის მასა, ზეთი, დაამატეთ მარილი და კარგად მოზილეთ. ცომს დაამატეთ იმდენი თბილი წყალი (დაახლოებით 30-40 მლ. დაგჭირდებათ), რომ შეძლოთ ცომის მოზელვა. ცომი თხელი არ უნდა გამოვიდეს. კარგად დაზილეთ და გადადეთ გვერდზე. თუ დრო გექნებათ და თბილად შეფუთავთ 40 წუთით მაინც, კიდევ უკეთესი ცომი გამოვა, თუმცა სავალდებულო არ არის, ისედაც შეძლებთ გემრიელი პიცის გაკეთებას, მითუმეტეს, რომ საუზმის მოსამზადებლად ბევრი დრო ხშირად არ გვაქვს.

დაჭერით პამიდორი, ისპანახის ფოთლები, ნიორი, ბულგარული წიწაკა და მორჩენილი შემწვარი ქათმის ხორცი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ლორით ან შაშხით). გახეხეთ მოცარელა ან სულგუნი და პარმეზანი. შეგიძლიათ მარტო სულგუნიც გამოიყენოთ მოცარელას და პარმეზანის მაგივრად.

გაყავით ცომი 4 თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ თხელ, მრგვალ ნაჭრებად. საცხობ დაფაზე გადააფარეთ საცხობი ქაღალდი და დააწყვეთ პიცის ცომის ნაჭრები. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული და გახეხილი ყველი ისე, რომ კიდეებში ადგილი დატოვოთ (როგორც ეს სურათზეა მოცემული მარცხნივ). შემდეგ პიცის ნაჭრებს ყვერდები შემოუკეცეთ, მოაყარეთ ორეგანო, დააპკურეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და ისე შედგით ღუმელში 15-17 წუთით.

პიცაში შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ასევე გამზადებული ხორცი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისეთი ინგრედიენტი გამოიყენოთ, რაც 15 წუთში მომზადდება (მაგალითად ვერ გამოიყენებთ უმ ლობიოს, უმ კარტოფილს, ა.შ.).  მინი პიცის მომზადება იდეალურია, როდესაც მორჩენილი გაქვთ წინა დღის კერძი. პიცაში დაამატებთ რამდენიმე სახეობის ცოცხალ ბოსტნეულს (პამიდორს აუცილებლად გირჩევთ), ყველს და დილის მინი პიცა მზად არის - ნოყიერი და სასარგებლო :)

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli