ქათამი ჩინურად - გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

ქვაბში მოხარშეთ ბრინჯი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თავად ბრინჯის სახეობაზე, ზოგს მეტი დრო ჭირდება, ზოგს ნაკლები. ამ კერძისთვის შეარჩიეთ წვრილი, გრძელი ფორმის ბრინჯი. სურათზე მოცემულია ველური ბრინჯი - ამიტომ შავი ბრინჯიც ურევია. ბრინჯი ძალიან არ უნდა მოხარშოთ, თორემ შემდეგ ფლავივით გახდება. მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ საწურში და მოასხით ცივი წყალი. კარგად რომ გადაიწურება, შედგით მაცივარში, მინიმუმ 1 საათით - სასურველია 1 დღე გააჩეროთ მაცივარში, თავდახურულ კონტეინერში.

მარინადისთვის, ჯამში ჩაასხით 1 ს.კ. თაფლი. არ გამოიყენოთ განსაკუთრებული არომატის მქონე თაფლი (მაგალითად წაბლის), რადგან კერძს თავისებურ გემოს მისცემს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ფერის თაფლი, მაგალითად ცაცხვის. დაასხით ზემოდან 5 ს.კ. სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ, სანამ თაფლი არ გაიხსნება. თუ თაფლი კარგად არ გაიხსნა, დაამატეთ სულ ცოტა (დაახლ. 1 ჩ.კ.) თბილი წყალი და ისე მოურიეთ. დაჭერით ქათმის ხორცი მცირე ზომის ნაჭრებად, ჩაყარეთ ჯამში და კარგად მოურიეთ, რომ სოიოს სოუსი და თაფლი ყველგან თანაბრად განაწილდეს. შედგით მაცივარში, თავდახურული კონტეინერით, მინიმუმ 30 წუთით - 1 დღეც შეგიძლიათ გააჩეროთ უკეთესი შედეგის მისაღებად.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღრმა და გაშლილი ტაფა - რაც უფრო მძიმეა ტაფა, მით უკეთესი. წინასწარ მოამზადეთ ბოსტნეულიც, რადგან კერძი მალე მზადდება და დაჭრის დრო არ გექნებათ. გაახურეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე, მოასხით ზეითუნის ზეთი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ან დაკეპილი ნიორი. კარგად მოურიეთ. სწრაფადვე დაამატეთ ხორცის ნაჭრები ისე, რომ ხორცის ნაჭრებზე იყოს სოიოს სოუსის მასა. რაც მოგრჩებათ სოიოს სოუსის მასა, შეინახეთ. 2 წუთის განმავლობაში, მუდმივად მოურიეთ ხის კოვზნით, ან არხიეთ ტაფა, რომ არ მიიწვას ხორცი. დაამატეთ ხახვი, სოკო, სიმინდის მინი ტაროები, ბულგარული წიწაკა და განაგრძეთ მორევა მომდევნო 3-4 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დარჩენილი სოიოს სოუსის მასა, რაც ჯამში დაგრჩათ, კარგად მოურიეთ და ცეცხლზე ტაფა გააჩერეთ კიდევ 1 წთ. პილიპილი დაამატეთ გემოვნებით - წესით მარილის დამატება არ უნდა დაგჭირდეთ, რადგან სოიოს სოუსი მარილიანია.

გადმოიღეთ კერძი ცალკე ჯამში და ტაფა ისევ ცეცხლზე დადგით (არ გარეცხოთ). მოასხით ზეითუნის ზეთი. ტაფაზე დაყარეთ ნიორი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და სტაფილო და კარგად მოურიეთ. დაახლოებით 1 წუთის შემდეგ, ტაფაზე დაამატეთ 2 ს.კ. სოიოს სოუსი და კარგად მოურიეთ (ფრთხილად იყავით, შხეფებით არ დაიწვათ ხელი). შემდეგ თანდათან დაუმატეთ მაცივრიდან გამოღებული ბრინჯი და მოურიეთ. მარილი და პილპილი დაამატეთ გემოვნებით.

თეფშზე გადმოიღეთ ჯერ ბრინჯი და ზემოდან მოათავსეთ ქათამი ბოსტნეულთან ერთად. მიირთვით ჩხირებით - ესე უფრო გემრიელია :)