ჯანჯაფილის ლიმონათი - გემრიელი რეცეპტები
 

ჯანჯაფილი (იგივე კოჭა) - კანგაცლილი - 45 გრ.

შაქარი - 170 გრ.

გაზიანი წყალი - 250 მლ.

ლიმონის წვენი - 2-3 ს.კ.

პიტნის ფოთლები და ლიმონის ნაჭრები - გემოვნებით

მომზადება

ჯანჯაფილი (იგივე კოჭა) აზიური მცენარეა და გამოიყენებენ, როგორც სადილების, ასევე დესერტების მომზადების დროს. მას ასევე დიდი გამოყენება აქვს მედიცინაშიც. ეს არის მცენარის ძირი, რომელსაც კანი ადვილად ეთლება. შუაგულს კი ციტრუსის სურნელი დაკრავს და ამავე დროს ძალიან ცხარეა, ამიტომ პროპორციები ყოველთვის ფრთხილად უნდა შეირჩეს.

ლიმონათისთვის ჯერ მოვამზადოთ სიროფი, რომლის შენახვაც შეგიძლიათ მინიმუმ 1 კვირა.

გახეხილი (კანგაცლილი) ჯანჯაფილი ჩაყარეთ ქვაბში, დაამატეთ შაქარი და 120 მლ. წყალი. დადგით საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე და კარგად მოურიეთ. როდესაც შაქარი გაიხსნება (შესაძლოა მასა წამოდუღდეს კიდეც), შეგიძლიათ გამორთოთ. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი.  გადაწურეთ სიროფი და შეინახეთ შუშის კონტეინერში.

როდესაც ლიმონათის მომზადებას გადაწყვიტავთ, ჯანჯაფილის სიროფთან ერთად აუცილებლად გამოიყენეთ ლიმონი და პიტნა, ძალიან აგემრიელებს ლიმონათს.

ორი ადამიანისთვის: 4 ს.კ. ჯანჯაფილის სიროფი, 2-3 ს.კ. ლიმონის წვენი, 250 მლ. გაზიანი წყალი (ამ შემთხვევაში გამოვიყენე Schweppes Tonic Water), ჩვეულებრივი წყალი - 250 მლ. კარგად მოურიეთ ლიმონათს. 2 ჭიქაში თანაბრად გადაანაწილეთ ყინული, პიტნის ფოთლები და ლიმონის ნაჭრები და ისე დაასხით მომზადებული ლიმონათი.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli