ჭიქის ნამცხვრები ლიმონით (Cupcakes)
გემრიელი რეცეპტები
 

მომზადება

მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ ოთახის ტეპერატურაზე დარბილებული კარაქი 1-2 წუთის განმავლობაში. თანდათან შეურიეთ შაქარი და განაგრძეთ მორევა, პერიოდულად, ჯამის კედლებიდან კოვზით ან სპატულას დახმარებით მოაშორეთ მიკრული კარაქი და დააბრუნეთ ჯამის ცენტრში. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და განაგრძეთ მორევა, შემდეგ დაამატეთ ვანილი, მარილი, ლიმონის ცედრა და კარგად მოურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ რძე და საშუალო სიჩქარეზე გადართეთ მიქსერი, რომ რძე თანაბრად განაწილდეს.

ცალკე ჯამში, ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და სოდა. თანდათან შეურიეთ კარაქის მასას. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, ცომი უკვე მზად არის.

ფორმებში ჩააწყვეთ ქაღალდის საცხობი “ჭიქები” და თითოეულ მათგანში კოვზით ჩადეთ ცომი ისე, რომ ფორმის 2/3 შეავსოს.

შედგით ღუმელში 180 C-ზე და გამოაცხვეთ 20 - 22 წუთის განმავლობაში. როდესაც ასანთის ღერი მშრალი ამოვა ცომიდან, ე.ი. ნამცხვარი მზად არის.

გადმოიღეთ ფორმა და დადგით 10 წუთით. მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ნამცხვრები ფორმიდან, თუმცა დაუტოვეთ ქაღალდის ფორმა, რადგან უფრო მოსახერხებელია მირთმევა.

კრემის მოსამზადებლად, ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და შაქარი და დაასხით ცივი რძე. კარგად გახსენით ფქვილის და შაქრის მასა რძეში და მხოლოდ ამის შედეგ დადგით საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ. რდესაც შაქარი მთლიანად გადნება და მასა შესქელდება, გამორთეთ და გააგრილეთ.

როდესაც მოხარშული მასა მთლიანად გაგრილდება, ცალკე ჯამში გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი 2-3 წუთის განმავლობაში, თანდათან შეურიეთ მოხარშული მასა და ვანილი. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, კრემი მზად არის.

კრემის მოსართავით მორთეთ თითოეული ნამცხვარი და ზემოდან მორთეთ ფონდანტის დეკორაციებით.

ცისფერი ფონდანტი გააბრტელეთ პრიალა, მშრალ ზედაპირზე (დაახლოებით 4-5 მმ სისქეზე), შემდეგ ყვავილის საჭრელით გამოჭერით ფორმები და დააწყვეთ ცალკე.

მწვანე ფონდანტით კი გამოჭერით ფოთლები და გადაფინეთ ისე, რომ ფოთლები ოდნავ გადაიხაროს. შემდეგ, ფოთლებს ფუნჯით გადაუსვით ისევ მწვანე საღებავი - ფოთლები ნამდვილს უფრო დაემსგავსება.

ცისფერ ყვავილებს შუაგულში ლურჯი საღებავით გაუკეთეთ ფხაჭები, ხოლო შუაგულში დაამაგრეთ ყითელი ფერის პატარა ბურთები. თუ ფონდანტი ერთმანეთს კარგად არ ეკრობა, შეგიძლიათ დაამაგროთ ნამიანი ფუნჯით ან საკვები გამჭვირვალე ჟელეთი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენე კარაქის შემცველი ფონდანტი, ქარხნულად დამზადებული, რომელიც ადვილად არ ხმება და საკმაოდ გემრიელია. სახლშიც შეგიძლიათ დაამზადოთ ეს ფონდანტი (იხილეთ რეცეპტი) - ამიტომ, ნუ დაელოდებით მის გახმობას, შეგიძლიათ პირდაპირ მორთოთ ნამცხვრები და მიირთვათ, ძალიან გემრიელია.

ბალახის ფორმისთვის, ნივრის საჭყლეტს ორიგინალური გამოყენება მოუძებნა ერთმა ჩემმა მეგობარმა, გამოვიყენე და გაამართლა (იხილეთ სურათი მარცხნივ).

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები და მოსაზრებები facebook-ის გვერდზე: www.facebook.com/Gemrieli

იგივე რეცეპტით მოვამზადე ჩემი პატარა შვილის დაბადების დღისთვის ჭიქის ნამცხვრები. 50 ნამცხვრის მომზადებას დაახლოებით 3 საათი მოვანდომე, ხოლო ბავშვებმა 5 წუთში გააქრეს - ძალიან სასიამოვნო და სახალისოა, როდესაც ბავშვებს ძალიან მოწონთ როგორც ნამცხვრის გემო, ასევე მისი ვიზუალიც :)